English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ სალომე სილაგაძე
უმაღლესი განათლება და მიგრაცია: ახალგაზრდების მიგრაციის ზოგიერთი ასპექტი

რეზიუმე: ახალგაზრდების მიგრაციის საკითხი 2000-იანი წლების დასაწყისიდან იქცევს საერთაშორისო მეცნიერების ყურადღებას. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ უცხოეთში მიღებული განათლება შესაძლო წინაპირობაა ახალგაზრდების მიგრაციის [Li et al. 1996; Salt, 1992; Khadria, 2001; Hugo, 2002]. ნაშრომში განხილულია განათლების მიერ გამოწვეული მიგრაცია, მისი თავისებურებები და ხელშემწყობი ფაქტორები. ავტორისეული არგუმენტები დასაბუთებულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევებით და სტატისტიკური ინფორმაციით.

საკვანძო სიტყვები: მიგრაცია, განათლება, გლობალიზაცია.

                                                                                შესავალი

ყოველწლიურად მილიონობით აბიტურიენტი უნივერსიტეტში იმ იმედით აბარებს, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სასურველი სამსახურის პოვნას შეძლებს. თანამედროვე საზოგადოება ქმნის კულტურას, სადაც კარგი სწავლა ასოცირდება წარმატებულ კარიერასთან.  პროფესიული წინსვლა კი არა მხოლოდ აძლევს პიროვნებას დაფასების და თვითრეალიზების შეგრძნებას (რომელიც მასლოუს ფსიქოლოგიური მოთხოვნების იერარქიაში უმაღლეს მწვერვალზეა), არამედ საშუალებას აძლევს ცოდნის "გამცემ" საზოგადოებას, რომ შემდგომში განვითარდეს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მტკიცდება, რომ კარგი განათლება არ განაპირობებს კარგ სამსახურს. ახალგაზრდების  უმუშევრობა   საზოგადოებრივი პრობლემაც არის, რამაც შეიძლება მისი მომავალი განვითარება შეზღუდოს. აღნიშნული პრობლემის თავის ასარიდებლად მრავალი ახალგაზრდა იღებს გადაწყვეტილებას, რომ განათლება მიიღოს უცხოეთში, განვითარებულ ქვეყანაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს 4. 854 მილიონი საერთაშორისო სტუდენტი იყო აღრიცხული მსოფლიოს გარშემო, 2011 წელს კი დაახლოებით 3.961 მილიონი[გაერთანებული ერების ორგანიზაცია, 2018] .

დიაგრამა 1: საერთაშორისო სტუდენტების მობილობა, 2011- 2017 წ. [გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, 2018]

 

წყარო: Migration data portal.;Available at: https://migrationdataportal.org/themes/international-students;

ახალგაზრდების  ქვეყნიდან გადინება არა მხოლოდ სახელმწიფოს ეკონომიკური, არამედ საზოგადოებრივი პრობლემაც არის, რომელმაც შეიძლება მისი მომავალი განვითარება შეზღუდოს. შესაბამისად,  იმის შესწავლა, თუ რა გარემო პირობები უწყობს ხელს ახალ თაობას მიგრაციისთვის თვითგადარჩენის და ნათელი მომავლის გზის ძიებაა.

საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროგრესული მომავალი თაობის აღზრდა და შენარჩუნება. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოცემულ სტატიაში განხილულია სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის და მეცნიერის მიერ გამოცემული ზოგიერთი უახლესი კვლევა და სტატისტიკური ინფორმაცია ახალგაზრდების მიგრაციაზე. ხსენებული ინფორმაცია დაგვეხმარება იმის გაანალიზებაში, თუ რა ხელშემწყობი ფაქტორები უბიძგებს მომავალ თაობას ემიგრაციისკენ და რა ტენდეციები აქვს აღნიშნულ მოვლენას.

                                    მიგრაციის ხელშემწყობი ზოგიერთი ფაქტორი

I. უნივერსიტეტები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები, რომელთა უმეტესობაც განვითარებულ ქვეყნებშია, იზიდავენ მსოფლიოში არსებულ საუკეთესო ტალანტებს.  სხვა სახელმწიფოში ცხოვრების პერსპექტივა კი განსაკუთრებით მომხიბვლელია იმ  ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში არ აქვთ საშუალება, მიიღონ კარგი განათლება ან დასაქმდნენ შესაბამის პოზიციებზე.

საუკეთესო საერთაშორისო პრეტენდენტების შერჩევისათვის ახალგაზრდები გადიან ტესტირებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საუკეთესოთა არჩევას. ახალგაზრდების მოსაზიდად და მათი ცხოვრების ფინანსური ხარჯების შესამცირებლად უნივერსიტეტები და  განვითარებული სახელმწიფოებიც კი აწესებენ სხვადასხვა ტიპის დაფინანსებასა და გრანტებს.

მიგრანტ სტუდენტებს სწავლის დროს ეძლევათ შანსი,  საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით  შეიძინონ სასურველი განათლება და სამუშაო უნარ-ჩვევები და ასევე შეიძინონ პირადი კონტაქტებიც, რომლებიც მათ დაეხმარებიან თავიანთი ცოდნის შესაბამისი სამუშაო პოზიციის მოპოვებაში. უნივერსიტეტები სთავაზობენ სტუდენტებს ალმა მატერშივე დასაქმებას ან ხელს უწყობენ ადგილობრივ რესპექტაბელურ ორგანიზაციებში დაიწყონ კარიერა.

პერსპექტიული კადრების მოზიდვას ხელს უწყობს განვითარებული ქვეყნების/ გაერთიანებების მიერ შემუშავებული სხვადასხვა სტუდენტური პროგრამები. ზემოთ ხსენებული საერთაშორისო პროექტებიდან თვალსაჩინოა ერაზმუსი.

 ერაზმუსის გაცვლითი პროგრამა 1987 წელს დაარსდა ევროპული კავშირის  მიერ. იგი ხელმისაწვდომია როგორც წარმატებული ევროპელი ახალგაზრდებისთვის, არამედ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რომლის სახელმწიფოებიც ასოცირებულები არიან ევროკავშირთან (მაგალითად თურქეთი, სერბეთი, საქართველო და ა.შ). ერაზმუსის მეშვეობით სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ გრანტი აღნიშნული საგანმანათლებლო ორგანიზაციიდან და შემდეგ ისწავლონ და/ან გაიარონ სტაჟირება ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში.

2013 წლისთვის 3.3 მილიონ სტუდენტს და 470,000 აკადემიურ პროფესიონალს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული გაცვლით პროგრამაში [ევროპის კომისია, 2013]. 

II. სოციალური ქსელები

საზოგადოებაში სოციალური ქსელების მეშვეობით პოტენციური განათლების მიღების მსურველს შეუძლია იპოვოს თანამემამულე, რომელიც ცხოვრობს მისთვის საინტერესო ტერიტორიაზე და არაფორმალური საუბრის შედეგად გაარკვიოს, თუ როგორ უნდა დაიმკვიდრო უცხოეთში თავი და რა პროცედურების გავლა არის საჭირო.

                                    განათლების მიგრაციის ზოგიერთი თავისებურება

ახალგაზრდები ძირითადად განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ სახელმწიფოებში ინაცვლებენ და იმ სახელმწიფოებში არჩევენ სწავლას, რომლებიც გამოირჩევიან ემიგრანტების მიღების მაღალი რაოდენობით.

 საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2018  წელს  მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე  ირკვევა, რომ სტუდენტი მიგრანტების უმეტესი ნაწილი ისეთ ქვეყნებში არჩევს განათლების მიღებას, როგორიც არის: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი, ავსტრალია, საფრანგეთი და კანადა. მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში (გარდა ჩინეთისა) 2017 წელს მსოფლიოში არსებული მიგრანტების უმეტესობა ცხოვრობდა [მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტი, 2017].

2007 წელს მსოფლიო ბანკმა და იელის უნივერსიტეტმა საერთო გამოკითხვა ჩაატარეს. კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო,  დაედგინათ  ამერიკაში (კონკრეტულად იელის უნივერსიტეტში) ჩამოსული უცხოელი სტუდენტებიდან რამდენი ახალგაზრდა აპირებდა აშშ-ში ცხოვრების გაგრძელებას. გამოკითხულთა 79% -მა დაადასტურა თავისი სურვილი ამერიკაში შემდგომი ცხოვრებისა, 10% უარი განაცხადა აღნიშნულ სახელმწიფოში დარჩენაზე, ხოლო 11%-ს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. საყურადღებოა,  რომ ზოგიერთი კვლევის მიხედვით, განათლებული მიგრანტები არ შემოიფარგლებიან ერთ უცხო ქვეყანაში ცხოვრებით. ისინი მიდიან საცხოვრებლად იმ სახელმწიფოში, სადაც მათთვის ფინანსურად უფრო მომგებიანია პროფესიონალური საქმიანობა. მათი სამშობლოში დაბრუნება კი ნაკლებად სავარაუდოა [DaVanzo, 1983].

განათლების ადგილის შერჩევისას მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების დონეს, არამედ სტუდენტის სამშობლოსა და აღნიშნულ სახელმწიფოს შორის წარსულში არსებულ ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობასაც. მაგალითად, საფრანგეთში ჩასული სტუდენტების უმეტესი ნაწილი აფრიკის კონტინენტიდან არის. მოროკო, ალჟირი და ტუნიზია ეს ის ქვეყნებია, რომლებიც საუკუნეების წინ საფრანგეთის კოლონიები იყო და რომლებშიც ფრანგული კულტურაა ასიმილირებული.

რაც შეეხება 90,708  ფრანგ მოსწავლეს, რომელიც საზღვრების გარეთ ამჯობინებენ განათლების მიღებას, მათი უმეტესობა ისეთ "პრო-ფრანგულ" სახელმწიფოებში აგრძელებენ ცხოვრებას, როგორიცაა ბელგია და კანადა [გაერო, 2017].

საფრანგეთის მსგავსი ვითარებაა რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც ძირითადად ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები ჩადიან სასწავლებლად. აღნიშნული პირებისათვის რუსული ენა არ წარმოადგენს ბარიერს.

                                                                        დასკვნა

სტატიაში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მზარდი რაოდენობა "მოძრავი" სტუდენტებისა, ცხადყოფს პოტენციური მიგრანტების რაოდენობის ზრდას. საგანმანათლებლო ცენტრების მდებარეობა კი ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდის შესაძლო მუდმივ ან მოკლევადიან ემიგრაციაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ განათლებას მხოლოდ პოზიტიური როლის თამაში შეუძლია ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ახალგაზრდების მასობრივმა გადინებამ ქვეყნებიდან შეიძლება მომავალში შეზღუდოს განვითარება ისეთი განვითარებადი სახელმწიფოებისა, როგორიც საქართველოა.

                                              გამოყენებული ლიტერატურა

  1. European Commission. (2014). Erasmus – Facts, Figures & Trends. The European Union support for student and staff exchanges and university cooperation in 2012-13 (Rep.). Luxembourg: Publications Offi ce of the European Union. doi:10.2766/76447 ;
  2. Project Atlas. (2019). Current Infographics. Retrieved from https://www.iie.org/en/Research-and-Insights/Project-Atlas/Explore-Data/Current-Infographics ;
  3. IIE Center for Academic Mobility Research and Impact. (2017). A World on the Move Trends in Global Student Mobility (Publication). New York, New York: Institute of International Education (IIE);
  4. United Nations, Department of Economic and Social Affairs, Population Division (2017). International Migration Report 2017: Highlights(ST/ESA/SER.A/404);
  5. Migration Policy Institute tabulation of data from the United Nations, Department of Economic and Social Affairs (2017). Trends in International Migrant Stock: Migrants by Destination and Origin (United Nations database, POP/DB/MIG/Stock/Rev.2017). Retrieved from:http://www.un.org/en/development/desa/population/migration/data/estimates2/estimates17.shtml ;
  6. Migration data portal. (2019). International students. [online] Available at: https://migrationdataportal.org/themes/international-students [Accessed 7 Jun. 2019].
  7. DaVanzo, Julie, 1983. "Repeat Migration in the United States: Who Moves Back and Who Moves On?," The Review of Economics and Statistics, MIT Press, vol. 65(4), pages 552-559;
  8. Czaika, M., & de Haas, H. (2014). The Globalization of Migration: Has the World Become More Migratory? International Migration Review, 48(2), 283–323. https://doi.org/10.1111/imre.12095 ;
  9. Khadria, Binod. (2001). Shifting Paradigms of Globalization: The Twenty-first Century Transition Towards Generics in Skilled Migration from India. International Migration. 39. 45 - https://doi.org/71. 10.1111/1468-2435.00171;
  10. Hugo, G. (2002). Effects of International Migration on the Family in Indonesia. Asian and Pacific Migration Journal, 11(1), 13–46. https://doi.org/10.1177/011719680201100102 ;
  11. Tani, M., UNSW, & IZA. (2019). Migration and Education (Rep.).